გოგიტა გოგუა: არ უნდა დამეჯერებინა რომან ფიფიასთვის…


31 წლის გოგიტა გოგუა გორის “დილაში” დაბრუნდა. გოგუა საინტერესო ფეხბურთელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის და აკი, ის ავსტრიულ შეკრებაზეც ჰყავდა კახა ცხადაძეს. მას შემდეგ ჩვენი რესპონდენტის კარიერაში ბევრი რამ მოხდა – იყო უკლუბობაც და გორში, ჩვეულ გარემოში დაბრუნებაც… საინტერესოა, რას ფიქრობს “დილას” ახალწვეული მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე… “ლელო” გოგუას ელაპარაკა… – “დილაში” დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. მოგეხსენებათ, აქ ადრეც ვთამაშობდი. დამხვდა ძალიან კარგი მწვრთნელი, არაჩვეულებრივი კოლექტივი… – რატომ ვერ ეხმარებით “დილას”? – ჯერჯერობით, ვერ მოგვარდა რეგისტრაციის საკითხი. – როდისთვის უნდა ველოდოთ ამ საკითხის გადაწყვეტას? – ვფიქრობ, 20 სექტემბრისთვის ყველაფერი მოგვარდება და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში ვითამაშებ კიდეც. – როგორ მოხდა “დილაში” თქვენი დაბრუნება? – მქონდა რაღაც შემოთავაზება, მაგრამ არ გამოვიდა. ამ დროს გამოჩნდა “დილას” ვარიანტი და მეც ბევრი აღარ მიფიქრია. – უჩა სოსიაშვილი უკვე გაიცანით? – კი. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ასაკში რომ ამხელა წარმატებას აღწევ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და არ შეიძლება, შემთხვევითობა იყოს. – ხაბაროვსკში გატარებული პერიოდი გაიხსენეთ. რთული არ იყო? – იქ თამაში ძალიან რთულია. ერთი კვირა ხაბაროვსკში ვიყავი, ერთი კვირა – ხან სად და ხან სად, ძირითადად – თვითმფრინავში. ჯანმრთელობას ნამდვილად არ რგებს ცხოვრების ასეთი წესი. – ამბობენ, ამ კლუბში ფინანსური პრობლემებიც არისო… – იმ ორი წლის განმავლობაში, რაც “სკა ენერგიაში” ვიყავი, სულ იყო ფინანსური პრობლემები. – ხელფასების გაცემაც გვიანდებოდა? – კი, ყოფილა შემთხვევები, 4-5 თვე ისე გასულა, უხელფასოდ გვითამაშია. – …და ასეთ ვითარებაში კახა ალადაშვილმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა? – კი, მან ასეთი არჩევანი გააკეთა. – გოგიტა, ცოტა უკან დავიხიოთ. თქვენს კარიერაში იყო რამდენიმე არასასიამოვნო მომენტი. თუნდაც, “ჰართსში” ჩაშლილი ტრანსფერი, არცთუ სასიამოვნო ურთიერთობა ანდრეი ჩერვიჩენკოსთან… ყოველივე ამან დაღი ხომ არ დაასვა თქვენს კარიერას? – კარიერაში ერთადერთ რამეს ვნანობ – არ უნდა გადავსულიყავი თბილისის “დინამოში”, არ უნდა დამეჯერებინა რომან ფიფიასთვის. მე მას ვენდე, მაგრამ… სამ თვეში ყველაფერი შეიცვალა. მივხვდი, რომ ფეხბურთში შენს თავს შენვე უნდა მიხედო. – საქართველოს ნაკრები და გოგიტა გოგუა – ჯერ წარსული გავიხსენოთ, დრო, როცა უთანხმოება მოხდა თქვენსა და თემურ ქეცბაიას შორის… – ჯერ იმას ვიტყვი, რომ ქეცბაია სულაც არ არის ცუდი მწვრთნელი. უბრალოდ, ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ტაქტიკა. ქეცბაიას ტაქტიკით ჩვენ მოვუგეთ ხორვატიას და ჯგუფიდან გასვლის შესანიშნავი შანსიც გვქონდა. კი, შეიძლება გვყავდა ერთი ფორვარდი და დანარჩენი – მცველები, მაგრამ მაინც. ახლა, რაც შეეხება უშუალოდ კითხვას. მე ნაკლებად მაინტერესებს, რა თქვა პირდაპირ ეთერში ქეცბაიამ ან სხვამ. მე ხომ ვიცი, რაც მოხდა. შეურაცხყოფა ისეთი რამაა, ბევრი ვერ მოითმენს… საქართველოს ნაკრები ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გუნდია. 27 მატჩი მაქვს ჩატარებული ეროვნულ გუნდში და მინდვრიდან მუდამ თავაწეული გამოვსულვარ. კარგი, ვთქვათ, მე ვიყავი ქეცბაიასთან დამნაშავე. ის დანარჩენი 10 ფეხბურთელიც დამნაშავე იყო? ნებისმიერ მწვრთნელს სჭირდება ტაქტი ფეხბურთელთან ურთიერთობისას – ეს ფაქტია. – თქვენი კარიერის განმავლობაში არაერთ პოზიციაზე გითამაშიათ. რომელია თქვენთვის ოპტიმალური ადგილი მინდორზე? – ჩემთვის ოპტიმალურია ის პოზიცია, რომელზეც დამაყენებენ. ერთადერთხელ მოხდა, რომ მწვრთნელს ვუთხარი – ამა და ამ პოზიციაზე ვერ ვითამაშებ-მეთქი და ეს იყო საქართველოს ნაკრებში. ქეცბაიამ მითხრა ხორვატიასთან მატჩის წინ – მარჯვენა ნახევარმცველად უნდა ითამაშოო. მე ვუთხარი, თემურ, ცუდად არ გამიგო, მაგრამ კარიერაში არ მითამაშია ამ პოზიციაზე-მეთქი. მე ეს გავაკეთე არა იმის გამო, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილება გავაპროტესტე, არამედ იმიტომ, რომ არ გამომივიდოდა იქ თამაში და ამით პირველ რიგში ნაკრები დაზარალდებოდა. შევხედე, რომ ამ პოზიციაზე სხვა უკეთესი იყო და მწვრთნელს ეს ალალად ვუთხარი. თან ისიც დავამატე – დამაყენე ნებისმიერ პოზიციაზე, თუნდაც თავდამსხმელად, ყველგან მაქვს ნათამაშები-მეთქი… იცით, ნაკრები სხვა სპეციფიკაა. კლუბში ერთ თამაშს ჩააგდებ და იქვე გეძლევა გამოსწორების შანსი. ნაკრები სხვა რამეა. წელიწადში 6-7 თამაში გიწევს, ჩააგდებ ერთ მატჩს და მორჩა… ქეცბაიასა და ჩემ შორის გაუგებრობა უკვე წარსულია. ორივემ დავივიწყეთ ყველაფერი. მე ასე მჯერა… – თქვენ ეროვნულ გუნდში კახა ცხადაძემ დაგაბრუნათ. როგორია თქვენი თვალით დანახული მისი ფორმაციის ნაკრები? – თამაშში ყველაფერი ჩანს. ცხადაძეს უყვარს შეტევა, ბურთის კონტროლი… რაც მთავარია, ის ფეხბურთელებში რწმენის ამაღლებაზე ძალიან ბევრს მუშაობს. უნდა ვირწმუნოთ, რომ შეგვიძლია და ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, შოტლანდიასთან მოგება უმნიშვნელოვანესი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. საქართველოს ნაკრებს მომავალი წინ აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ. მე მჯერა ჩვენი ეროვნული გუნდის. – ლამის ლეგენდები დადის თქვენს რთულ ხასიათზე. მაინც, ვინ არის გოგიტა გოგუა? – ფრთიანი ანგელოზი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სადაც ვთამაშობდი, ყოველთვის გულით ვთამაშობდი. თუნდაც ის, რომ ამდენ მწვრთნელთან ვიმუშავე ნაკრებში და არავისთან მქონია გაუგებრობა. კი, ადრე ხშირად ვიღებდი წითელ-ყვითელ ბარათებს, თუმცა ეს გამოუცდელობითა და გადაჭარბებული მონდომებით მომდიოდა. ახლა სხვა დროა, გამოცდილება მომემატა, დავიხვეწე… – თქვენ არაერთ მწვრთნელთან გიმუშავიათ. ვინ დატოვა გოგიტა გოგუაზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? – მე გამოვარჩევდი იური კრასნოჟანს… დიდხანს ვიმუშავე მასთან. ძალიან კარგი მწვრთნელია უჩა სოსიაშვილიც. ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ. – დაბოლოს, საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზეც – როგორ შეაფასებთ იმ ჯგუფს, რომელშიც საქართველოს ნაკრები ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში? – ჩვენ მეექვსე კალათაში ვიყავით და როცა აქ ხარ, არჩევანის საშუალება ნაკლებია. ჯგუფი ძლიერია. საერთოდ, დღეს აღარ არიან სუსტი გუნდები. ამის მიუხედავად, მე მჯერა: საქართველოს ნაკრებს ყველა მეტოქესთან შეუძლია თამაში და გამარჯვება! ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”

ვიდეო არ არის

მსგავსი სიახლეები


2 წლის წინs | 0 კომენტარი

,,თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონს, ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით მინდვრის სამუშაოები ჩაუტარდა

1 წლის წინ | 0 კომენტარი

გორის „დილა“ მზადებას განაგრძობს

2 წლის წინs | 0 კომენტარი

მარცხი ქობულეთში

2 კვირის წინ | 0 კომენტარი

„გორის დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა

სატურნირო ცხრილი

გუნდი
სრული ცხრილი

გამოკითხვა