გორის „დილა“ საკუთარ სტადიონზე დამარცხდა

გორის „დილა“ საკუთარ სტადიონზე დამარცხდა

გორის „დილამ“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში საკუთარ სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს ხშირად ჯაბნიდა და მათ შორის ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში „დილა“ არცერთხელ დამარცხებულა. აღნიშნულ მატჩამდე, „ტორპედოსთან“ გორის „დილამ“ 2013 წლის 12 მაისს ქუთაისში ანგარიშით 5:4 დათმო, ხოლო დღეს ჩვენმა მეტოქემ გასვლით შეხვედრაში შეძლო შიდა ქართლელთა დამარცხება.

მთლიანობაში თამაში ძალიან ცუდი სანახავი გამოდგა, რადგან ტემპი ძალიან დაბალი იყო და ფეხბურთელები ძირითადად მოედნის ცენტრში იბრძოდნენ ბურთისთვის. ქუთაისელთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ დღეს უკეთესი მატჩი ჩაატარეს, გორელებს აჯობეს და დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა.

სტუმრებმა პირველივე წუთები ძალიან კარგად დაიწყეს. მე-7’ წუთზე „ტორპედოს“ ფეხბურთელები იოლად გადავიდნენ მასპინძელთა ნახევარზე. საჯარიმოს მისადგომებთან კაპანაძე აქტიურობდა, თუმცა ბოლო მომენტში მცველმა შეუშალა ხელი და დარტყმული ბურთი რიკოშეტის შემდეგ მოედნის ფარგლებს გაცდა.

მე-9’ წუთზე კვლავ მეტოქეს ჰქონდა კარგი მომენტი. ჩაწოდების შემდეგ, წილოსანი გორელთა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩა და სახიფათოდაც ურტყამდა, მაგრამ ძალიან ცუდად გამოუვიდა. ამ მომენტში ,,დილას” მცველებს უფრო ყურადღებით მართებდათ თამაში.

შემდეგ გუნდებმა მოედნის ცენტრში დაიწყეს თამაში და პირველი ნახევრის შუა წელამდე არაფერი მომხდარა. 23’-ე წუთზე კვლავ „ტორპედოს“ ფეხბურთელების აქტიურობას მოყვა ხიფათი. საღრიშვილი-წილოსანის მიერ გათამაშებული კომბინაცია, ამ უკანასკნელის სახიფათო დარტყმით დასრულდა, თუმცა არაზუსტად.

ორ წუთში კუთხურიდან მარცვალაძის მიერ მოწოდებულ ბურთზე კვირკველია ცდილობდა დარტყმას, მაგრამ მცველმა შეუშალა ხელი და ბურთს ფეხი ზუსტად ვერ მოახვედრა.

ერთ წუთში მეტოქემაც უპასუხა გორელებს. ტაბატაძის შორეული დარტყმა მცირედ არაზუსტი გამოდგა.

28’-ე წუთზე მარცვალაძეს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. ოთარი საჯარიმოში შეიჭრა, რამოდენიმე მცველი მოატყუა, თუმცა ბოლო მომენტში მიზანს ააცდინა. ბოლოს წილოსანის სახიფათო დარტყმა ნახა სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა. მისი დარტყმულიც არაზუსტი იყო.

მეორე ნახევარიც პირველის ანალოგიურად გაგრძელდა. „დილამ“ თამაშის ხარისხი ცოტათი გამოასწორა, მაგრამ არა საკმარისად.

52’-ე წუთზე ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენეს გორელებმა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ბაგაევმა თავით ზუსტად დაუგდო ერისთავს, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და მეკარემ მოიგერია.

ყველაზე რეალური მომენტი მე-60’ წუთზე ქუთაისელებმა შექმნეს. სახიფათო შეტევის ბოლოს ქიმაძე მუჯრიშვილთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ დარტყმა დააგვიანა და მასპინძელთა კიპერმა ბურთის მოგერიება მოახერხა.

შემდეგ იყო კვირკველიას საჯარიმო დარტყმა, რომელიც სუსტი გამოდგა და მარცვალაძის კარგი გარღვევა, მაგრამ საბოლოოდ უშედეგო.

69’-ე წუთზე საჯარიმო დარტმას ქუთაისელთა გოლი მოყვა. ძლიერად დარტყმული ბურთი მუჯრიშვილმა ნახტომში მოიგერია და გორელები პირველ ჯერზე იხსნა, მაგრამ შემდეგ გადმოვარდნილზე მცველებს კაპანაძემ აჯობა და თავური დარტყმით ფაქტიურად დაუცველ კარში გაიტანა გოლი – 0:1.

გოლის შემდეგ „დილამ“ უფრო მოუმატა, მაგრამ თამაშის ხარისხი მაინც არ იყო დამაკმაყოფილებელი. გოლიდან ერთ წუთში შეცვლაზე შესულმა ლევან ნონიკაშვილმა ითამაშა ფლანგზე კარგად და საჯარიმოში გადაცემაც გააკეთა, მაგრამ მოდებაძემ ვერ მაოხერხა კარში დარტყმა.

81’-ე წუთზე ერისთავს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, მაგრამ კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა ბურთი. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მომდევნო მატჩს გორის „დილა“ 6 მარტს „ცხინვალის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.

 

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: მუჯრიშვილი, კვირკველია, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე (ნონიკაშვილი 54’), ძარია (მაშუკოვი 82’), კვირკვია (ერისთავი 46’), მარცვალაძე, მოდებაძე.

სათადარიგო: ლეგაშვილი, ლომიძე, სამხარაძე, თექთურმანიძე, ნონიკაშვილი, ერისთავი, მაშუკოვი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

„ტორპედო“: კვასხვაძე, მირცხულავა, მამასახლისი, საღრიშვილი (ჭიჭინაძე 89’), კაპანაძე (ფურცხვანიძე 74’), შინდაგორიძე, კლიმიაშვილი, ტაბატაძე, ნერგაძე, ქიმაძე, წილოსანი (ტუღუში 35’).

სათადარიგო: ქვილითაია, ჭიჭინაძე, კვარაცხელია, ბრეგვაძე, ფანცხავა, ტუღუში, ფურცხვანიძე.

მთავარი მწვრთნელი: ოლეკსანდრ შტელინი.

 

გოლი: კაპანაძე (69’) 0:1.

გაფრთხილებები: საღრიშვილი (63’), ბაგაევი (82’).

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

 

 

„დილას“ პრესსამსახური

2016-02-28T11:37:54+00:00