გორის „დილა“ „სამტრედიასთან“ მეორედაც დამარცხდა

გორის „დილა“ „სამტრედიასთან“ მეორედაც დამარცხდა

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის XXII ტურის ცენტრალური მატჩი გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც გათამაშებაში მეორე-მესამე ადგილზე მყოფი გორის „დილა“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, სამტრედიაში მასპინძლების დიდი უპირატესობით დამთავრდა, რომლებმაც გორულ გუნდს გამანადგურებელი სხვაობით 5:0 მოუგეს.

დღევანდელი მატჩი ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა, რაც გულშემატკივრის რაოდენობითაც კარგად გამოჩნდა. გორის ცენტრალური არენა ფაქტობრივად სავსე იყო და თამაშს ამინდმაც შეუწყო ხელი. უნდა ითქვას, რომ სტადიონზე მისულმა მაყურებელმა საკმაოდ კარგი შეხვედრა იხილა, რადგან გუნდებმა საკმაოდ სწრაფ ტემპში ითამაშეს და ყველანაირად შეეცადნენ გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩენილიყო.

პირველივე წუთები საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. საწყისი წუთები „დილას“ უპირატესობით დაიწყო, თუმცა მე-13’ წუთზე მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა, გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე მეტოქესთან შეჯახების შემდეგ, იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მის ნაცვლად მოედანზე გივი ქარქუზაშვილი შევიდა და სოსიაშვილს თავიდანვე მოუწია იძულებითი ცვლილების განხორციელება.

პირველი სახიფათო მომენტი 25’-ე წუთზე მასპინძლებმა შექმნეს. გორელთა კარგი წამოწყებული შეტევა წიქარიძის გადაცემით დასრულდა, რომელიც მარცვალაძემ მიიღო და საჯარიმოში შეჭრის შემდეგ ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი სულ ოდნავ გადაცდა მიგინეიშვილის კარს.

მალევე ძარიას კარგი გადაცემის შემდეგ მარცვალაძე კვლავ კარგად გაეხსნა თანაგუნდელს და სიტუაცია გაამწვავა კიდეც, თუმცა დარტყმული მცველს მოხვდა.

32’-ე წუთზე მარცვალაძემ ბრწყინვალე სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ თანაგუნდელთაგან არავინ გამოეხმაურა, არადა ეს შეტევა შეიძლებოდა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ დასრულებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს ნორმალური შეტევა არ გაუკეთებია, ანგარიში მაინც სამტრედიელებმა გახსნეს. 33’-ე წუთზე წინ გადასულ გორელებს „სამტრედიამ“ სახიფათო სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა, რომელსაც ბოლოს ჩაწოდების შემდეგ გოლი მოყვა. ჯიქიამ მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან გოლის გატანა აღარ გაუჭირდა – 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ, ფსიქოლოგიური უპირატესობა მასპინძლების მხარეს გადავიდა და მათ კიდევ რამოდენიმეჯერ შეეძლოთ გოლის გატანა. 37’-ე წუთზე სწორედ ასეთი ერთ-ერთი მომენტი შექმნეს სტუმრებმა. გოგიაშვილის ფლანგიდან გადაცემის შემდეგ, მარკოზაშვილი აღმოჩნდა დასარტყმელ სიტუაციაში, რომლის მცდელობაც წარუმატებელი გამოდგა, რადგან მუჯრიშვილმა ითამაშა კარგად და მოიგერია ბურთი.

მე-40’ წუთზე სახიფათო სიტუაცია შეიქმნა „დილას“ კართან. მეტოქის შეტევას ჯიქია ასრულებდა, რომელიც მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ დარჩა და ამჯერადაც მუჯრიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან კიდევ ერთხელ მოახერხა ბურთის მოგერიება. ამით პირველი ნახევარი დასრულდა და „სამტრედია“ შესვენებაზე გამარჯვებული გავიდა.

მეორე ნახევარში უჩა სოსიაშვილმა ცვლილებას მიმართა და მოდებაძე შეიყვანა მოედანზე, რამაც გორელთა შეტევები უფრო გამოაცოცხლა და სიმწვავე შემატა.

დასაწყისშივე მარცვალაძემ შექმნა კარგი მომენტი, საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბოლოს მცველებმა შეუშალეს ხელი და დარტყმული ბურთი საკუთარ თავზე აიღეს. მალევე კიდევ ერთი ძალიან ხელსაყრელი მომენტი შექმნეს გორელებმა, როდესაც ფლანგიდან კვირკველიას ჩაწოდებული ღონღაძეს მიუვიდა, მაგრამ მისი ძლიერად დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია.

52’-ე წუთზე ფლანგზე მარცვალაძემ მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს მიუახლოვდა, თუმცა მოდებაძე, რომელიც საკმაოდ კარგად ჩაერთო თამაშში, ვერ დაინახა რომ კარგ სიტუაციაში იმყოფებოდა და კარისკენ დაარტყა, მაგრამ ძალზედ არაზუსტად.

ამის შემდეგ რამოდენიმე წუთით სამტრედიელებმა იგდეს ხელთ თამაშის სადავეები, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტი ვერ შქმნეს. 67’-ე წუთზე ღონღაძემ გადაცემა გაუკეთა მარცვალაძეს, რომლის მეტოქის საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ძალიან ცუდი გამოვიდა და დიდი მანძილით აცდა მიზანს.

73’-ე წუთზე „დილას“ მცველებმა შეცდომა დაუშვეს და რომ არა მუჯრიშვილის კიდევ ერთხელ კარგი თამაში, გოლი გარდაუვალი იქნებოდა. ამ მ,ომენტში მეკარესთან პირისპირ ზივზივაძე აღმოჩნდა და მახვილი კუთხიდან ორჯერ შეძლო მისი დარტყმულის მოგერიება.

ბოლო წუთებმა საკმაოდ საინტერესოდ, დაძაბულად და დრამატულად ჩაიარა. 84’-ე წუთზე „დილას“ ფეხბურთელებმა ხელიდან ძალიან კარგი შანსი გაუშვეს. მოწინააღმდეგის საჯარიმოში რამოდენიმე მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

დამატებულ 92’-ე წუთზე კი წინ გადასული „დილას“ ფეხბურთელები კვლავ კონტრშეტევით გამოიჭირა მეტოქემ. რაჟამაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ამჯერად მეკარემ გორელებს ვეღარ უშველა – 0:2.

„დილამ“ ბოლო დამატებულ წუთზე გოლის გატანა მაინც შეძლო. 93’-ე წუთზე მასპინძელთა იერიშებმა შედეგი გამოიღო და ბოლოს გადმოვარდნილ ბურთზე მარცვალაძემ საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 1:2. საბოლოოდ, „დილამ“ საკუთარ სტადიონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

მომდევნო მატჩს გორელები 6 აპრილს ლანჩხუთში გამართავენ, სადაც „გურიას“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

 

გუნდების შემადგენლობა

 

„დილა“: მუჯრიშვილი, კვირკველია, ბაგაევი, კვახაძე (კაპ.) (ქარქუზაშვილი 13’), ხურცილავა, წიქარიძე, ძარია, ჩელებაძე (მოდებაძე 46’), სამხარაძე (საბაძე 74’), ღონღაძე, მარცვალაძე.

სათადარიგო: ლეგაშვილი, ელიაური, ქარქუზაშვილი, საბაძე, ნონიკაშვილი, მოდებაძე, მაშუკოვი.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

 

„სამტრედია“: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, ცნობილაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი (კაპ.) (სანდოხაძე 63’), ენდელაძე, მარკოზაშვილი (სიხარულიძე 80’), რაჟამაშვილი, ზივზივაძე, ჯიქია (იოსელიანი 69’).

სათადარიგო: მეშველიანი, მთივლიშვილი, სიხარულიძე, იოსელიანი, ცინცაძე, სანდოხაძე, კერძევაძე.

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე.

 

გოლები: დ. ჯიქია (33′) 0:1, დ. რაჟამაშვილი (92′) 0:2, ო. მარცვალაძე (93′) 1:2.

გაფრთხილებები: ღონღაძე (21’), ჩელებაძე (37’), მჭედლიშვილი (79’), რაჟამაშვილი (85’).

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

 

 

„დილას“ პრესსამსახური

2016-04-03T01:24:51+00:00