დაძაბული და სანახაობრივი თამაში „ჩელე არენაზე“

დაძაბული და სანახაობრივი თამაში „ჩელე არენაზე“

გორის „დილამ“ ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური ქობულეთში „ჩელე არენაზე“ გამართა, სადაც ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და საკმაოდ სანახაობრივ და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 2:2 ითამაშა.
მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყო. პირველივე წუთებზე მასპინძლების რანგში მყოფმა „დინამოელებმა“ შეუტიეს მეტოქეს და ქავთარაძის სახიფათო დარტყმა ხელსაყრელი მომენტიდან არაზუსტი გამოდგა.
შემდეგ კვლავ მასპინძლებმა იაქტიურეს. ძალიან კარგი სწრაფი შეტევის შემდეგ, დიასამიძე ურტყამდა ძალიან კარგი სიტუაციიდან, თუმცა ამ მომენტში კარგად არ გამოუვიდა და გორელები გადარჩნენ.
ბათუმელების აქტიურმა დასაწყისმა შედეგი მალევე, მე-8’ წუთზე გამოიღო, როდესაც მათი შეტევის დროს „დილას“ გუნდის კაპიტანს ბურთი ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი გოლად მეტოქის ახალწვეულმა ლეგიონერმა სერბმა კომაზეცმა გოლად აქცია – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ. მე-12’ წუთზე სტუმართა შეტევის შემდეგ ბათუმელთა კარის სიახლოვეს სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც ჩელებაძემ შეასრულა, მაგრამ ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს გაარტყა, გადმოვარდინლზე კი მარცვალაძემ ბურთი ზუსტად გადაგზავნა კარში, თუმცა მეკარე დაეუფლა. რამოდენიმე წუთში ჩელებაძემ კიდევ ერთხელ შეასრულა ჯარიმა და ამჯერად სულ მცირედით ააცდინა მიზანს და ბათუმელები გადარჩნენ.
მე-17’ წუთზე გორელთა შეტევებმა შედეგი გამოიღო. ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, მარცვალაძემ საჯარიმოში მიიღო ბურთი, ცრუ მოძრაობით მიჰაილოვიჩი ჩამოიცილა და ზუსტად გადაგზავნა ბურთი კარში – 1:1.
ამის შემდეგაც ჩვენი გუნდი ფლობდა უპირატესობას. რამოდენიმე კარგი შეტევის შემდეგ დამაგვირგვინებელ ფაზაში თამაში არ გამოდიოდათ. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ბოლო წუთები მასპინძლებმა ითამაშეს კარგად და წინაც გავიდნენ.
39’-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა, რომელიც კომაზეცმა შეასრულა ცოცხალ კედელს მოხვდა, ამ მომენტში „დილას“ არ გაუმართლა და ასხლეტილი ბურთი პირდაპირ შონიას მიუვიდა, რომელმაც ნახტომით მშვენიერი გოლი გაიატანა და თავისი გუნდი წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა – 2:1.
მეორე ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. დასაწყისშივე სოსიაშვილმა მოდებაძე შეიყვანა მოედანზე, რამაც თამაში უფრო საინტერესო გახადა.
52’-ე წუთზე ფონიავას დარტყმა იყო ძალიან სახიფათო, რომელიც არცთუ ისე დიდი მანძილით აცდა მიზანს. 59’-ე წუთზე ჩელებაძის ჩაწოდების შემდეგ, ფალავანდიშვილი ურტყამდა ძალიან სახიფათოდ, თუმცა ოდნავ ააცდინა.

62’-ე წუთზე სტუმართა შეტევებმა მიზანს მიაღწია. მოდებაძე-ჩელებაძე-მარცვალაძის ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. ოთარმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და ახლო მანძილიდან ზუსტად დარტყა – 2:2.
ამ გოლებით მარცვალაძე ქვილითაიას გაუთანაბრდა და 13-13 გოლით ისინი ბომბარდირთა დავას ლიდერობენ.
შემდეგ იყო წიქარიძის შორეული არაზუსტი დარტყმა. 77’-ე წუთ გორელებმა კარგი შეტევა განახორციელეს, თუმცა ბოლოს მეტოქემ შეუშალა ხელი. საპასუხო შეტევა კი ძალზედ სახიფათო გამოდგა. ბათუმელთა სწრაფი იერიში ქავთარაძის ძლიერი დარტყმით დასრულდა, მაგრამ არაზუსტად.
ბოლო წუთები „დილას“ უპირატესობით მიმდინარეობდა და ბოლო წუთზე სახიფათო საჯარიმოც დაიმსახურეს, მაგრამ ჩელებაძის დარტყმა ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს მოხვდა და სიტუაცია განიმუხტა.
საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მომდევნო მატჩს გორის „დილა“ შინ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 27 თებერვალს 14:00 საათზე გაიმართება.

გუნდების შემადგენლობა:

„დილა“: მუჯრიშვილი, კვახაძე (კაპ.), კვირკველია, ხურცილავა, სამხარაძე, ფალავანდიშვილი, საბაძე (მოდებაძე 46’), კვირკვია (ერისთავი 71’), ჩელებაძე, ძარია (წიქარიძე 57’), მარცვალაძე.
სათადარიგო: სათადარიგო: ლეგაშვილი, თექთურმანიძე, ლომიძე, წიქარიძე, ერისთავი, მაშუკოვი, მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

,,დინამო”(ბთ.): ალავიძე, ტვილდიანი, მიჰაილოვიჩი, გოგიტიძე, კომაზეცი, ფონიავა (თევდორაძე 82’), დიასამიძე (გაბედავა 73’), სუხიაშვილი, ვარშანიძე, შონია, ქავთარაძე.
სათადარიგო: მამინაშვილი, ქათამაძე, თევდორაძე, გაბედავა, კაშია, ტეტუნაშვილი, ქორიძე.
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.

გოლები: კომაზეცი (8’ პენ.), მარცვალაძე (17’), 1:1, შონია (39’) 2:1, მარცვალაძე (62’) 2:2.
გაფრთხილებები: კვახაძე (7’), შონიავა (42’), მიჰაილოვიჩი (57’), კომაზეცი (60’).
მთავარი მსაჯი: კვირიკაშვილი.

„დილას“ პრესსამსახური

2016-02-24T09:06:47+00:00