ჩემპიონმა მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო

ჩემპიონმა მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გორის „დილამ“ ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე წარმატებით დაიწყო და სამტრედიაში ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვება შეძლო.
უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრას გორელები საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. დისკვალიფიკაციის გამო თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღეს: გივი ქარქუზაშვილმა, გიგა სამხარაძემ, გუგა ფალავანდიშვილმა და ოთარ მარცვალაძემ. ასევე მთელი მატჩის განმავლობაში საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა, რამაც თავისი კორექტივები შეიტანა ორივე გუნდის თამაშის ხარისხზე.
შეხვედრა თანაბარი ბრძოლით დაიწყო და გუნდები ძირითად ორთაბრძოლებს მოედნის ცენტრში მართავდნენ. პირველი ხიფათი მეტოქის კართან შეიქმნა, როდესაც მე-13’ წუთზე გორელების იერიშში ჩელებაძე ფლანგიდან ჩაერთო და საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის შემდეგ ხურცილავა ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ მისი მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა და მეკარემ შეძლო ბურთის დაჭერა.
საპასუხო შეტევა უკვე „კოლხეთის“ ფეხბურთელების დარტყმით დასრულდა. ამ მომენტში ნიქამაძემ შორიდან მოსინჯა ძალები, თუმცა ძალზედ სუსტი დარტყმა გამოუვიდა და მუჯრიშვილი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.
მალევე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ჩვენი გუნდის კარში დარტყმით დასრულდა, მაგრამ გოგონაიას წინააღმდეგ მცველებმა კარგად ითამაშეს და მისი მცდელობა არაზუსტი გამოდგა.
მე-19’ წუთზე „დილას“ ახალწვეულმა ლევან საბაძემ ითამაშა კარგად. მეტოქესთან ჭიდილის მომენტში შეძლო საჯარიმოში შერბენა და ბოლოს მეკარეს ჭკვიანურად თავს ზემოთაც უგდებდა ბურთს, თუმცა სეფიაშვილმა კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ამის შემდეგ თამაში კვლავ გათანაბრდა და სახიფათო მომენტი ათ წუთში, „კოლხეთის“ კართან სახიფათო საჯარიმო დარტყმას მოყვა. ბურთთან გიორგი ჩელებაძე მივიდა და საკმაოდ ძლიერად და ზუსტად დარტყმული ბურთი, ფოთელთა მეკარემ ნახტომით მოიგერია და იხსნა საკუთარი გუნდი.
ხუთ წუთში ანალოგიური საჯარიმო დაინიშნა მეტოქის კართან, თუმცა ოდნავ მახვილი კუთხიდან. ამჯერადაც ჩელებაძე შეასრულა და კვალვ ზუსტად, მაგრამ სეფიაშვილმა ისევ მოწოდების სიმაღლეზე ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოყვა, რის გამოც ისინი ლამის დაისაჯნენ. ჯერ იყო და ახლო მანძილიდან მოდებაძე ურტყამდა, მაგრამ ფოთელი მცველი გადაეფარა, ხოლო დამატებაზე საჯარიმოს ხაზიდან ბაგაევმა ძლიერად დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
ტაიმის მიწურულს ფეხბურთელებს შორის შეჯახება მოხდა, რის შედეგადაც დავით ხურცილავა დაშავდა და მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მის მაგივრად უჩა სოსიაშვილმა მინდორზე ილია ლომიძე შეიყვანა.
დარჩენილი წუთებიც ჩვენი გუნდის შეტევებით წარიმართა, თუმცა დარტყმამდე საქმე აღარ მისულა და პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში სახიფათოდ გურეშიძემ დაარტყა, თუმცა მისმა მცდელობამ მიზანს ვერ მიაღწია. მალევე „დილას“ შეტევა ფლანგიდან ჩელებაძის დარტყმით დასრულდა, რომელიც ძალზედ არაზუსტი იყო.
ამის შემდეგ თამაში კვლავ „დილას“ უპირატესობით წარიმართა, რამაც შედეგი 61’-ე წუთზე გამოიღო. სტუმართა ბოლომდე ბრძოლა და შემართება ტაბლოზე დადებითად აისახა. მეტოქეზე ზეწოლის შედეგად, ფოთელი ფეხბურთელი შეცდა და ბურთი საბაძემ ფლანგზე მიიღო, სადაც მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში ზუსტი გადაცემა გაუკეთა ირაკლი მოდებაძე, რომელმაც თავის მხრივ, მარჯვნივ მარტოდ მყოფი მათე კვირკვია მონახა და მანაც ლამაზი შერულებითა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
მათეს კიდევ ერთხელ შეეძლო ანგარიშის შეცვლა, თუმცა მოდებაძის ზუსტი და ჭკვიანური გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ კვირკვიას მეტოქის მცველმა ბოლომდე სდია და მომენტის დასრულებისას ხელი შეუშალა. საბოლოოდ მეკარემ შეძლო ბურთის დაჭერა.
შემდეგ თამაში გათანაბრდა და გორელებმა ამ დროს ბრწყინვალედ ითამაშეს. მეტოქეს ფაქტიურად მომენტი არ შეაქმნევინეს და თამაში დასრულებამდე მშვიდად მიიყვანეს. „დილას“ კი კიდევ ერთხელ შეეძლო გოლის გატანა, როდესაც საჯარიმო დარტყმა დათო კვირკველიამ ოდნავ არაზუსტად შეასრულა.
საბოლოოდ, მოქმედმა ჩემპიონმა მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
მომდევნო შეხვედრას გორის „დილა“ სტუმრად ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ 23 თებერვალს 14:00 საათზე გამართავს.

გუნდების შემადგენლობა:

„დილა“: მუჯრიშვილი, კვირკველია, კვახაძე (კაპ.), ბაგაევი, ხურცილავა (ლომიძე 43’), ძარია, ჩელებაძე (ნონიკაშვილი 70’), კვირკვია (თექთურმანიძე 91’), საბაძე, მოდებაძე.
სათადარიგო: მარიამიძე, ლომიძე, ელიაური, თექთურმანიძე, ნონიკაშვილი, ერისთავი, მაშუკოვი.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

„კოლხეთი“: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, შალიკაშვილი (ბაკურია 83’), გოგონაია (კაპ.), გურეშიძე (გიგაური 70’), პოლულიახი, თუხარელი, ტუღუში, ნიქამაძე (სიჭინავა 71’), ჯიშკარიანი.
სათადარიგო: ძაგანია, სიჭინავა, ჩაკვეტაძე, გიგაური, მესხი, თედო, კაკულია, ლევან კაკულია.
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

„დილას“ პრესსამსახური

2016-02-19T21:47:29+00:00