სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის ერთ ერთ ლიდერს სანდრო ანდრონიკაშვილს გავესაუბრეთ და სეზონის შეჯამება ვთხოვეთ
პირველ რიგში დავიწყოთ სეზონის შეფასებით, ამ სეზონში კლუბმა 2 ტიტული მოიგო და ეროვნული ლიგისთვის ბოლო მატჩამდე იბრძოდა, შენი აზრით რა იყო ამ წატმატებების მთავარი ფაქტორები?
-ვფიქრობ რომ წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ჩვენი ერთიანობაა კლუბის ყველა ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბის წევრი და თითოეული ამ კლუბის წარმომადგენელი საერთო მიზნითაა გაერთიანებული, სწორედ ამას მოაქვს შედეგი.
შენი პოზიციიდან გამომდინარე წლევანდელი სეზონის სტატისტიკა შენთვის ნამდვილად იყო განსაკუთრებული, როგორ ფიქრობ რა იყო ამ შედეგიანობის განმაპირობებელი?
– დიახ გეთანხმებით წლევანდელი სეზონი ნამდვილად იყო ჩემს კარიერაში ერთ ერთი გამორჩეული, განსაკუთრებით მინდა გამოვყო სეზონის მეორე ნახევარი, ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ მეტად გავიხსენი და ჩემი სტატისტიკაც მეტად შედეგიანი გახდა, ვფიქრობ ახალი მწვრთნელის მოსვლამ არამხოლოდ ჩემზე, არამედ მთლიანად გუნდზე მოახდინა კიდევ უფრო დადებითი გავლენა.
ვისაუბროთ გუნდის შიდა ატმოსფეროზეც. გუნდს სეზონის შუაში შეეცვალა მთავარი მწვრთნელი მოხდა ცვლილებები შემადგენლობაშიც, თუმცა ახალმოსულებს გუნდში ადაპტირება უადვილდებოდათ და კლუბი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, როგორ ფიქრობ რა არის ასეთი ატმოსფეროს მიზეზები?
– ატმოსფეროს რაც შეეხება გუნდში ძალიან თბილი და ოჯახური გარემოა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი განსხვავებული მენტალობის ადამიანია, რომელთაც აქვთ კულტურული და ეროვნული განმასხვავებელი ნიშნები ყველა საერთო ენას მარტივად პოულობს, გუნდის შიგნით ყველა ერთი მიზნისთვის და ერთმანეთისთვის იბრძვის, რაც ადაპტაციას ყველას უადვილებს, შედეგზე კი დადებითად აისახება.”
წლევანდელ სეზონში გუნდი გამოირჩეოდა პრაგმატული ფეხბურთით, რამაც ფაქტია, რომ შედეგი მოიტანა, მინდა შევეხოთ ევროტურნირებსაც როგორ ფიქრობ შეგვეძლო თუ არა ამ კონტიგენტით უფრო შორს წასვლა და თუ კი რა დაგვაკლდა ამისთვის?
– წლევანდელი სეზონი მართლაც გამორჩეული გამოვიდა, გუნდმა 2 ტიტულის მოგება მოახერხა, ეროვნულ ლიგაში კი ბოლომდე ინარჩუნებდა შანსებს, ევროტურნირებზე ჩვენს გამოსვლას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა რომ ლატვიური ,,რიგა” ჩვენზე ფინანსური გაცილებით ძლიერი გუნდი იყო, ვფიქრობ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეთ და საპასუხო მატჩში იღბალთან ერთად მსგავს მატჩებში თამაშის გამოცდილება დაგვაკლდა, საერთო ჯამში ვფიქრობ რომ ჩვენს გუნდს ამ ბარიერის დაძლევა შეეძლო.
ტრიბუნების როლზეც ვისაუბროთ, რა შეგიძლია თქვა კლუბსა და გულშემატკივრის დამოკიდებულებაზე და მათ როლზე გუნდის ყოველდღიურობასა და წარმატებებში?
რაც შეეხება გულშემატკივარს, მინდა ვთქვა რომ ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ ყველა თამაშზე ცდილობენ გაგვამხნევნონ, წარმატების მიღწევაში დაგვეხმარონ, მინდა ამისთვის თითოულ მათგანს მადლობა ვუთხრა.